როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი?
კატეგორია: ტანსაცმლის მოვლა
ნახვები: 1708
08 Nov. 2018

როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი?

ჩვენს სტილს, ჩვენს ჰაბიტუსს, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, ჩვენი სამოსიც განსაზღვრავს. ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, რაც ასე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ხშირ შემთხვევაში. რა გვაცვია, როგორ გვაცვია ადამიანებს თავდაჯერებას გვანიჭებს. გინდათ, თქვენს ახალნაყიდ შარვალს ფერი სამი გარეცხვის შემდეგ გადაუვიდეს, გახუნდეს და გაიცრიცოს, მასში გადახდილი ფული კი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს? - რასაკვირველია, ეს არავის უნდა. არადა, ქსოვილს, ისევე, როგორც ნებისმიერ მატერიალურ თუ არამატერიალურ საგანს ამ სამყაროში გაფრთხილება სჭირდება.

იცოდით, რომ ტანსაცმლის დალაგებას ცოდნა უნდა? შესაბამისად, ცოდნა უნდა ტანსაცმლის მოვლასაც. თუ გვსურს, ტანსაცმელი მუდმივად მოწესრიგებული, სუფთა და ახალივით ხასხასა გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი. გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი:

  • ტანსაცმლის ფერი
  • ტანსაცმლის ქსოვილი
  • ტანსაცმლის სარეცხი საშუალება
  • სარეცხი საშუალების დოზირება

ტანსაცმლის ფერი

პირველ რიგში, დაახარისხეთ ტანსაცმელი! აუცილებლად გაითვალისწინეთ: რა ფერისაა ტანსაცმელი და რა მასალისგან არის დამზადებული. ყველა ქსოვილს არ შეუძლია, წყლის წნევის ერთსა და იმავე დონეს თანაბრად გაუმკლავდეს. ამიტომ, როდესაც რამეს შეიძენთ, სანამ ეტიკეტს მოაჭრით, დააკვირდით - რა ქსოვილია, რამდენ გრადუსზე ირეცხება, შესაძლებელია თუ არა დაუთოება და ა. შ.

ფერის მიხედვით ტანსაცმლის რეცხვა მოვლის ტრადიციულ წესად ითვლება. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ლურჯი ან მხოლოდ წითელი ფერის ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ერთ ციკლზე. საუბარია ღია და მუქი ფერის ქსოვილის რეცხვაზე. მნიშვნელოვანია, რომ მკრთალი პასტელის ფერები - თეთრი, კრემისფერი, ღია ოდნავ ცხელ წყალში გაირეცხოს. მუქი ფერის ტანსაცმელი - ცივ წყალში. გასათვალისწინებელია, რომ ცხელ წყალში რეცხვის დროს ქსოვილს საღებავი სცილდება და შესაძლოა სხვასაც გადაედოს.

ტანსაცმლის ქსოვილი

ტექსტურა ხშირად განსაზღვრავს რეცხვის რეჟიმს, ხანგრძლივობას, წყლის ტემპერატურასა და სარეცხ საშუალებას.

ბამბა და სინთეტიკური ქსოვილი, ძირითადად, ერთი და იმავე სარეცხი საშუალებით ირეცხება. განსაკუთრებული მოვლა კი შალს, ქიშმირსა და აბრეშუმს სჭირდება. ამისთვის არსებობს სპეციალური სარეცხი გელი/ფხვნილი. გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურაც. არ დაგვავიწყდეს, რომ მაღალ ტემპერატურაზე შალი და ბამბა იკუმშება და პატარავდება, აბრეშუმი კი უფერულდება.

თეთრეულს გარეცხვა ხშირად დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ის მიდრეკილია შეკუმშვისა და დაკუჭვისკენ. გარეცხეთ მანქანით ან ხელით, ცივი ან თბილი წყლით. ჯერ კიდევ სველი დაფერთხეთ, გაასწორეთ, რათა არ დაიკუჭოს. ნაკეცების ადვილად გასასწორებლად, სასურველია, ნესტიანი ქოსვილის დაუთოება. გაითვალისწინეთ, თუ თეთრეული ძლიერად დაბინძურებულია, უმჯობესია მაღალ გრადუსზე გარეცხვა. სხვა სემთხვევაში, აუცილებელი არ არის.


მაგალითად, ნეილონი მიდრეკილია სტატიკურობისკენ, ამიტომ რეკომენდებულია დამარბილებელი გელის გამოყენება. ვისკოზა და ცელულოზა კი, სასურველია, მშრალად გაწმინდოთ.

შედარებით უპრეტენზიოა პოლიესტერი. რეცხვისას შეგიძლიათ, გამოიყენოთ ცივი ან თბილი წყალი. სასურველია ქსოვილის დამარბილებელი. შრება, როგორც ჰაერზე, ისე საშრობში საშუალო ან დაბალ ტემპერატურაზე.

სპორტული სამოსი ხშირად დამზადებულია სპანდექსის, ლიკრასა და ელასტინისგან. პროფესიონალები გვირჩევენ, რომ არასდროს გავრეცხოთ ისინი სარეცხი საშუალებით, რომელიც შეიცავს ქლორს ან კონდიციონერს. ეს ტექსტურა ცუდად რეაგირებს სიცხეზე. სასურველია, ქსოვილი გადმოვაბრუნოთ და მოვათავსოთ ბადისებრ ჩანთაში. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, დაშალოს ან დაათხელოს ბოჭკოები. გააშვრეთ ჰაერზე, მზის სხივებისგან მოშორებით.

ტანსაცმლის სარეცხი საშუალება

ხშირი რეცხვა და მაღალი ტემპერატურა ქსოვილს აზიანებს. გავრცელებული მოსაზრება, რომ ფხვნილი დაბალ გრადუსზე არ იხსნება, მოძველებულად ითვლება. დღეისათვის სარეცხი საშუალებების ფორმულა სრულებით მიესადაგები, როგორც ცხელ, ისე თბილ და ცივ წყალს. შესაბამისად, მხოლოდ ამ მიზეზით ტანსაცმლის მაღალ გრადუსზე რეცხვა საჭირო არ არის.

ზოგიერთ ქსოვილს სტატიკურობისკენ აქვს მიდრეკილება, ამიტომ სასურველია, ფხვნილთან ერთად გამოვიყენოთ გამავლებელიც, რომელსაც არომატიზაციისა და დარბილების ფუნქცია აქვს.

სარეცხი საშუალების დოზირება

როგორც წესი, თითოეულ პროდუქტს სარეცხი საშუალების საჭირო დოზა მითითებული აქვს. თუმცა არსებობს სტანდარტი, რაც, მეტ ნაკლებად, უმრავლეს სარეცხ საშუალებებზე ვრცელდება, მაგალითად: 5 კგ საშუალოდ დაბინძურებული ტანსაცმელისთვის საკმარისია 100-110 გრ ფხვნილი, ან 50-60 მლ გელი, ან 1 დოზირებული კაფსულა; ძლიერად დაბინძურებულისთვის - 150-170 გრამი ფხვნილი, ან 80-100 მლ გელი, ან 2 დოზირებული კაფსულა. 5 კგ ტანსაცმლის გასავლებლად კი გამოიყენება 30 მლ ქსოვილის დამარბილებელი.

გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ბრენდის სარეცხი საშუალებები ზოგჯერ განსხვავდება ფორმულითა და ინგრედიენტებით. ამიტომ, პირველ რიგში, მწარმოებლის რეკომენდაციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

გახსოვდეთ, რომ ტანსაცმლის დალაგებას ცოდნა უნდა, შესაბამისად, ცოდნა სჭირდება ტანსაცმლის გარეცხვას. წესრიგი და სისუფთავე ჩვენს სტილს, ჩვენს ჰაბიტუსსაც განსაზღვრავს. ეს კი სწორედ ის არის, როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები და როგორ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს.

ხშირად დასმული კითხვები

სასურველია თუ არა მხოლოდ გამავლებელი გელით ტანსაცმლის გარეცხვა?

- არა, რადგან ტანსაცმელი კვლავ გასარეცხი იქნება.

სასურველია თუ არა ფერადი ქსოვილის გელის/ფხვნილის შავი ფერის ტანსაცმელზე გამოყენება?

- არა, რადგან მისი რეცხვის ფორმულა მორგებულია ფერადი ქსოვილის ფერის პიგმენტს.

სასურველია თუ არა ქსოვილის მუდმივად გრძელვადიან რეჟიმსა და მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა?

- არა, ვინაიდან ქსოვილი გაიცრიცება და გახუნდება.