რჩევები მას, ვისაც გარუჯვა უყვარს!
ავტორი: Web Master
კატეგორია: თავის მოვლა
ნახვები: 658
13 Nov. 2018

რჩევები მას, ვისაც გარუჯვა უყვარს!

ტანი, რომელიც ოქროსფრად ბრწყინავს, თანამედროვე თვალისთვის მიმზიდველი და მშვენიერია. წინა საუკუნეებში სიფერმკრთალე და ფერუმარილით გაღიავებული კანი იდგა სილამაზის სტანდარტების სათავეში. დღეს კი გარუჯულ კანს „ვეთაყვანებით“. რა თქმა უნდა, ეს შეხედულება არც ადრე და არც ახლა არ ეხებოდა ყველას, თუმცა, როგორც ამბობენ, ეხება უმრავლესობას, რადგან ასეთია მოდის ტენდენცია.

მაშ ასე, როგორ გავხდეთ მიმზიდველი მოდის ტენდენციების გათვალისწინებით. უფრო კონკრეტულად კი, როგორ და რა საშუალებით გავირუჯოთ?

პირველი, რაც აუცილებლად უნდა გითხრათ, არის ის ოთხი სევდიანი სიტყვა - უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს. თუმცა არსებობს რუჯის მიღების შედარებით უსაფრთხო წესები:

გარუჯვამდე, საგულდაგულოდ, გაიწმინდეთ კანი ამქერცლავი საშუალებებით, რათა გასუფთავდეს ფორები და მიიღოთ ერთიანი რუჯი.

  • დაუმეგობრდით მზისგან დამცავ საშუალებებს! - ეს ეხება წლის ნებისმიერ დროს, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზეზე ყოფნისას. წაისვით კრემი მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და დაიმატეთ ყოველ 2 საათში.
  • მოერიდეთ პიკს. უსაფრთხოებისთვის ყველაზე სასურველი დროა დილით 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ.
  • იცვალეთ პოზები - ხშირად გადაბრუნდით ზურგზე და პირიქით. ამით თავიდან აირიდებთ სხეულის ერთი ნაწილის დამწვრობას.
  • თავი შეაფარეთ ჩრდილს - გარუჯვის დროს გააკეთეთ პატარა პაუზები.
  • დაიფარეთ მგრძნობიარე ადგილები - გამოიყენეთ სათვალე და ქუდი. დამცავი თანაბრად წაისვით სხეულზე, არ გამოგრჩეთ ფეხის გულები და ყურები.
  • არ მიიღოთ ალკოჰოლი, რათა აირიდოთ სხეულის დეჰიდრატაცია.
  • ტუჩებისთვის გამოიყენეთ ბალზამი SPF-ით.

ზოგადი წესების პარალელურად რეკომენდებულია ნათელი წარმოდგენა გვქონდეს პროდუქტებზე, რომელიც გვეხმარება რუჯის, მეტნაკლებად, უსაფრთხოდ მიღებასა და შენარჩუნებაში. უხეშად რომ ვთქვათ, არსებობს სამი ტიპის პროდუქტი - მზისგან დამცავი, რუჯის მისაღები, რუჯის შემდგომ წასასმელი.

მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელია წლის ნებისმიერ დროს. UVA და UVB სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს კანსა და ორგანიზმზე, იწვევს ნაადრევ დაბერებასა და საშიშ დაავადებებს. მაღალი SPF-ისა (მზისგან დამცავი ფაქტორი) და UVA /UVB ფილტრების შემცველი პროდუქტები კანის დაავადებების რისკს 30-40%-მდე ამცირებს.

რუჯის მისაღები საშუალებები წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქტის სახით. შეიძლება იყოს კრემი, სპრეი, ლოსიონი, რძე ან ზეთი. ისინი ეხმარება კანს სასურველი შეფერილობის მიღებაში. რუჯის კრემები არსებობს SPF-ით ან მის გარეშე. როგორც პროფესიონალები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ რუჯის მისაღები საშუალება SPF-ის გარეშე, ხოლო თუ ასეთ პროდუქტს შევიძენთ, მნიშვნელოვანია, მის წასმამდე მზისგან დამცავი საშუალებით დავიფაროთ კანი.

რამდენი უნდა იყოს SPF-ის მაჩვენებელი? - გარუჯვის დასაწყისში ღია კანისთვის რეკომენდებულია მინიმუმ SPF50, მუქი კანისთვის - 30, ხოლო 15 არის მინიმალური მაჩვენებელი. არ იფიქროთ, რომ მზისგან დამცავი საშუალება ხელს შეუშლის რუჯის მიღებას.

მესამე ფაზა რუჯის შესანარჩუნებელი პროდუქტებია. გამოიყენეთ ვიტამინებითა და მცენარეული ზეთებით გაჯერებული საშუალებები, მაგალითად, - ლოსიონი ალოე ვერას შემცველობით, რომელიც ატენიანებს და იცავს კანს აქერცვლისგან.

ბევრი დავისა და ეჭვის მიუხედავად, ხელოვნური მზის აბაზანების მიღება ბევრი ადამიანის საყვარელი საქმიანობაა. როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაში მზისგან დამცავი საჭირო არ არის, რადგან ის მეტად ეფექტურია ბუნებრივი სხივების დაბლოკვისას. სოლარიუმისთვის სასურველია ვიტამინებით გაჯერებული რუჯის კრემი, - არა უსაფრთხოებისთვის, არამედ ფერისთვის.

დასასრულს გახსოვდეთ, მზისგან დამცავი საშუალებები არასდროს იცავს ჩვენს სხეულს 100%-ით. თუ გსურთ, თავი აარიდოთ ნაადრევ დაბერებას, უარი თქვით რუჯის ბუნებრივად და ხელოვნურად მიღებაზე. ხოლო თუ ოქროსფერი კანის სიყვარული რისკებზე მაღლა დგას, გაირუჯეთ ზომიერად, დამცავ საშუალებებთან ერთად.